ავტორიზაცია
ნუტრიციოლოგია- მაკრო და მიკრო ნუტრიენტების როლი ადამიანის ორგანიზმის სრულყოფილ ფუნქციონირებაში
ავტორი: ტატა ჯანგველაძეანოტაცია:
ანოტაცია 21- საუკუნის მსოფლიოს სერიოზული გამოწვევა გახდა სიმსუქნე და ჭარბწონიანობა, რაც მრავალი ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული: არაჯანსაღი კვების რაციონი, მინიმალური ფიზიკური აქტივობა, გენეტიკა, ძილის უკმარისობა, ჰორმონალური დისბალანსი, დეპრესია და სხვა. [1] როგორც მოწინავე ქვეყნების გამოცდილება მოწმობს, დღევანდელ დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ნუტრიციოლოგების აქტიური ჩართვა ადამიანის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში. 21_ე საუკუნეში, როდესაც ეკოლოგიური მდგომარეობა რთულია, გენმოდიფიცირებული საკვების რაოდენობა მზარდი, ადამიანების უმეტესობა კი დროის დიდ ნაწილს უმოძრაობაში მონიტორის წინ ატარებს, აუცილებელია აქტიური საინფორმაციო კამპანიებით მოსახლეობის ფართო წრისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და წარმატებული მაგალითების პოპულარიზაცია. ადამიანებს უნდა დავანახოთ მარტივი ქმედებების გადამწყვეტი როლი, მაგალითად პრაქტიკა აჩვენებს, რომ ცხიმიანი და შაქრიანი საკვების შეზღუდვა, მარილის დოზირებულად მიღება და 30 წთ ფეხით სიარული მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობას და გუნება-განწყობას. უნდა აღინიშნოს არაჯანსაღი ცხოვრების და ჭარბი წონის საფრთხეებიც: იზრდება მეორე ტიპის დიაბეტის ასევე კანცეროგენული დაავადებების წარმოქმნის რისკი. [2] ჭარბწონიანი ადამიანის ორგანიზმი გაჯერებულია დიდი რაოდებობით ცხიმოვანი უჯრედებით, რომელიც სიმსივნური უჯრედების დეპოთ მოიაზრება. რადგანაც ცხიმში მოხვედრილი კანცეროგენული ნივთიერებების ელიმინაცია გაძნელებულია. მაგალითად ცნობილი კანცეროგენი დიოქსინი სწორედ ცხიმოვან მასაში ლოკალიზდება და მისი ორგანიზმიდან გამოსვლის პროცესი 7 დან 10 წლამდე პერიოდს ითვლის. [3] ყოველ წუთს ადამიანის ორგანიზმში მილიარდობით ბიოქიმიური გარგაქმნა მიმდინარეობს. სინთეზირდებიან და იყოფიან სხვადასხვა ქიმიური ელემენტები, კვდებიან და კვლავ წარმოიქმნებიან მილიონობით ახალი უჯრედები, სათანადო დონეზე ნარჩუნდება ფიზიოლოგიური პროცესების ძალზე დიდი რაოდენობა . ყოველივე ეს კი ჩვენი ჩარევის გარეშე. ადამიანის ორგანიზმი მუდმივად განახლების პროცესშია. მეცნიერების მონაცემების მიხედვით ხუთი წლის მანძილზე ჩვენი ორგანიზმის დაახლოებით 95% სრულად განიცდის განახლებას. ჰაერთან და წყალთან ერთად საკვები არის ჩვენი ორგანიზმის სიცოცხლის მთავარი წყარო: ენერგიით შევსება, ნივთიერებათა ცვლის პროცესების რეგულაცია, თავდაცვითი ფუნქციების გააქტივება, ფიზიკური მდგომარეობის განმტკიცება, დავადებათა პროფილაქტიკა, დაბერების პროცესების შენელება და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა სწორედ იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად დაბალანსებული და გამდიდრებულია ყოველდღიური საკვები რაციონი ნუტრიენტებით. ხშირად ისმის კითხვა რატომ ავადმყოფობენ ადამიანები რომლებიც არ შიმშილობენ? ამის მიზეზი არის ის, რომ საკვები ყველაზე ხშირად ხდება პრობლემების წარმომქმნელი. ისეთი დაავადებები როგორიცაა იმუნოდეფიციტური, ათეროსკლეროზი, ჰიპერტონული და სხვა მიეკუთვნებიან ალიმენტურ- დამოკიდებულ მდგომარეობებს. რაც იმას ნიშნავს რომ ადამიანს ერღვევა კვების რეჟიმი, უჩნდება ვიტამინების, მინერალების, ნუტრიენტების დეფიციტი. ისინი კი ორგანიზმში არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლას და წარმოადგენენ ქსოვილთა, იმუნური სისტემის უჯრედების, ფერმენტების და ჰორმონების საშენ მასალას.