ka | en
TSU

საქართველოს კლინოპტილოლითის მოდიფიცირება ადსორბენტების მისაღებად დარიშხანის და სტიბიუმის იონებისგან წყლის გასაწმენდად

ავტორი: ნონა ჯანაშვილი
საკვანძო სიტყვები: კლინოპტილოლითი, მოდიფიცირება, დარიშხანი, სტიბიუმი
ანოტაცია:

გარემოს დაბინძურება იმ პრობლემათაგანია, რომელიც ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ბუნებრივი ობიექტების (წყალი, ნიადაგი) დაბინძურება დიდ საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას და ეკოსისტემის მთლიანობას, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. გარემოში არსებულ მრავალრიცხოვან სახიფათო ნარჩენებს შორის აღსანიშნავია დარიშხანი და სტიბიუმი, რომელთა მცირე კონცენტრაციასაც კი შეუძლია ტოქსიკური ეფექტის გამოწვევა. აღნიშნული ელემენტებით ბუნებრივი ობიექტების დაბინძურება მნიშვნელოვან ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს და საჭიროებს შესაბამისი ზომების მიღებას. არსებობს დაბინძურებული წყლების გაწმენდის სხვადასხვა მეთოდი, რომელთაგან აღსანიშნავია ადსორბციული და იონმიმოცვლითი მეთოდები ცეოლითური ადსორბენტების გამოყენებით. ისეთი ფართოდ გავრცელებული და შესწავლილი ბუნებრივი ცეოლითი როგორიცაა კლინოპტილოლიტი ინტენსიურად გამოიყენება, როგორც ადსორბენტი ტოქსიკური ელემენტების შთანთქმისთვის. ჩვენი სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა, სორბციული პროცესების შესწავლა საქართველოს ძეგვის საბადოს კლინოპტილოლიტის საწყის, დეკატიონირებულ და კატიონმოდიფიცირებულ ფორმებზე. რადგანაც კლინოპტილოლიტს, წყლების სხვა გამწმენდებს შორის, განსაკუთრებული ადგილი უკავია, მისი უნიკალური ადსორბციული და კათიონმიმოცვლითი თვისებების გამო. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოდიფიცირების დროს ადგილი აქვს მის ნაწილობრივ დეკატიონირებას და დეალუმინირებას. შესაბამისად იზრდება SiO2/Al2O3 თანაფარდობა. რაც დადასტურდა, მიღებული ნიმუშების შედგენილობის, როგორც ქიმიური, ასევე რენდგენოფაზური ანალიზით. როგორც დიფრაქტოგრამების შესწავლამ, ისე იწ-სპექტრების ანალიზმა აგრეთვე ცხადჰყო, რომ ნიმუშის დეკატიონირების შემდეგ ცეოლითური ნიმუშების სტრუქტურამ გარკვეული ცვლილებები განიცადა. წინასწარმა ექსპერიმენტულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ მოდიფიცირებული კლინოპტილოლიტის ფორმები უფრო ეფექტურია, ვიდრე საწყისი, ამავე დროს ისინი იაფფასიან და ხელმისაწვდომ ადსორბენტებს წარმოადგენენ. ამ ცეოლითის გამოყენებით შესაძლებელია დარიშხანის და სტიბიუმის კონცენტრაციის და შესაბამისად მათი ნეგატიური ზეგავლენის შემცირება გარემოზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com