ავტორიზაცია
დაქტილოსკოპიისა, მიკრონაწილაკებისა და მიკროობიექტების როლი კრიმინალისტიკაში
ავტორი: levani samargulianiსაკვანძო სიტყვები: დაქტილოსკოპია, მიკრონაწილაკები
ანოტაცია:
დანაშაულის ჩადენის ადგილზე რჩება გარკვეული საგნები და ქმედების კვალი. აღნიშნული საგნების საფუძვლიანი შესწავლა შეიძლება გახდეს უტყუარი ნივთმტკიცება, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშოს გამოძიების მიმართულების განსაზღვრასა ან ბრალეულობის დადგენაში. აღნიშნული გარემოება კარგად არის ცნობილი თვით დამნაშავეთათვისაც ამიტომ, როგორც წესი, ისინი ცდილობენ დანაშაულის ადგილზე ყოველგვარი კვალის წაშლას ან სამხილების მოსპობას. მას შემდეგ, რაც კრიმინალიტიკურ პრაქტიკაში წარმატებით დაინერგა დაქტილოსკოპია, პროფესიონალმა დამნაშავეებმა მაშინვე დაიწყეს საკუთარი თითის ანაბეჭდის სურათის შეცვლაზე ფიქრი, რისთვისაც მათ საკმაოდ მტკივნეული ოპერაციების გადატანაც კი უწევდათ, თუმცა ხშირ შემთხვევაში უშედეგოდ მთავრდებოდა. შემგომში მათ დაიწყეს ხელთათმანების გამოყენება. ამდენად, თანამედროვე ეტაპზე დანაშაულთა უმეტესობა ჩადენილია იმგვარად, რომ დანაშაულის ადგილზე პრაქტიკულად არ არსებობს ისეთი სახის ნივთმტკიცებები, როგორიცაა თითის ანაბეჭდი, მასრა და სხვა დანაშაულის ჩადენის იარაღები. დანაშაულის ადგილი ერთგვარი ურთიერთშერკინების არენაა დამნაშავესა და საგამოძიებო ჯგუფს შორის. ამ არენაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია – დრო. დრო, რომელიც სამწუხაროდ დამნაშავის მხარესაა, რადგან ჟამთა სვლა ნივთმტიცებებს დაუნდობლად ანადგურებს. ამიტომ, დანაშაულის ადგილზე მოქმედებას თავისი მკაცრად განსაზღვრული წესები აქვს, რაც მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნას ისეთი მეცნიერებებისას როგორებიცაა ანალიზური-, ფიზიკური- კოლოიდური- და ორგანული ქიმია, ბიოლოგია და სხვა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის გარეშე შეუძლებელია გადაიჭრას ისეთი საკითხი როგორიცაა, მაგალითად, ჰქონდა თუ არა ამა თუ იმ ფატალური შემთხვევის წინ ფიზიკური კონტაქტი დაზარალებულს სხვა ადამიანთან. ამას კრიმინალისტები მსხვერპლის სხეულზე დარჩენილი ბიოლოგიური მასალის მიხედვით ადგენენ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გენეტიკური კოდის გამოყენებით. „დიდ აღმოჩენებს დიდი საიდუმლოებები შობს“ - ამბობდა ლიონის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორი ალექსანდრ ლაკასანი. მართლაც, საგამოძიებო სექტორმა, კრიმინალისტიკის განვითარებამდე რთული და ლაბირინთებით აღსავსე გზა განვლო მისი განვითარება კი უშუალოდ იყო დაკავშირებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარებასთან. ქიმიურმა თეორიულმა კვლევებმა და ანალიზებმა განსაზღვრა კრიმინალისტიკაში ტექნიკური სისტემებისა და პროგრამების აუცილებლობის დანერგვა. კრიმინალური ტექნიკის გამოყენებით ასევე დამუშავდა სპეციფიკური მეთოდები. ამგვარად, დღესდღეობით მეცნიერების განვითარება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს სხვადასხვა საქმეების გამოძიებასა და დამნაშავეთა დადგენაში.