ka | en
TSU

წყლით და ტემპერატურით ინდუცირებული ელექტრული პერკოლაციის შესწავლა შებრუნებულ შერეულ მიკროემულსიებში

ავტორი: ქეთევანი ნანობაშვილი
საკვანძო სიტყვები: შერეული შებრუნებული მიკროემულსიები, წყლით ინდუცირებული ელექტრული პერკოლაციის ზღურბლი, ტემპერატურით ინდუცირებული ელექტრული პერკოლაცია, აქტივაციის ენერგია
ანოტაცია:

შესწავლილია ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერების ნატრიუმის ბის (2-ეთილჰექსილ) სულფოსუქცინატის (AOT) საფუძველზე მომზადებულ შერეულ შებრუნებულ მიკროემულსიებში წყლით და ტემპერატურით ინდუცირებული ელექტრული პერკოლაციის პროცესი. გამოკვლეულია არაიონური ტეტრაეთილენგლიკოლ მონოდოდეცილის ეთერის, ანიონური ბიოლოგიური ზედაპირულად აქტიური ნივთიერების ნატრიუმის ქოლატის და კათიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერების პრომეტაზინის ჰიდროქლორიდის დანამატების გავლენა შერეული შებრუნებული მიკროემულსიების ელექტრული პერკოლაციის ზღურბლზე. გამოთვლილია ტემპერატურით ინდუცირებული ელექტრული პერკოლაციის აქტივაციის ენერგია აღნიშნული შერეული მიკროემულსიებისთვის.ზეთის ფაზად გამოიყენებოდა ნ-დეკანი. აღმოჩნდა, რომ ელექტრულ პერკოლაციას შერეულ მიკროემულსიებში ზედაპირულად აქტიური ნივთიერებისა და წყლის მოლური თანაფარდობის ფიქსირებულ მნიშვნელობაზე (W=20) ტეტრაეთილენგლიკოლ მონოდოდეცილის ეთერის (Brij-30) და ნატრიუმის ქოლატის (SC) დანამატების შემთხვევაში ადგილი აქვს შედარებით დაბალ ტემპერატურაზე, ვიდრე მხოლოდ ნატრიუმის ბის (2-ეთილჰექსილ) სულფოსუქცინატის საფუძველზე მომზადებული შებრუნებული მიკროემულსიისთვის. კათიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერების პრომეტაზინის ჰიდროქლორიდის (PMT) დანამატებით აღინიშნება ელექტრული პერკოლაციის ჩაქრობა. წყლით ინდუცირებული ელექტრული პერკოლაციის ზღურბლზე დანამატების გავლენას, შეინიშნება, რომ არაიონური ზან-ის დანამატი ხელს უწყობს ელექტრული პერკოლაციის დადგომას W=[წყალი]/[ზან] მოლური თანაფარდობის უფრო დაბალ მნიშვნელობაზე, კერძოდ პერკოლაციის ზღურბლის მნიშვნელობები მცირდება 32-დან 20, 13 და 9-მდე AOT-ის მოდიფიცირებისას Brij-30-ის მზარდი დანამატებით. ასევე ანიონური ნატრიუმის ქოლატის (SC) დამატებამაც გამოიწვია პერკოლაციის ზღურბლის მნიშვნელობების შემცირება 32-დან 30, 22 და 15-მდე. ხოლო კათიონური პრომეტაზინის ჰიდროქლორიდის ხსნარის დამატებამ გამოიწვია პერკოლაციის ჩაქრობა და ამასთანავე რაც უფრო მეტი იყო დამატებული პრომეტაზინის ჰიდროქლორიდის კონცენტრაცია, მით უფრო W-ს დაბალ მნიშვნელობაზე მოხდა ფაზათა გაყოფა ანუ შემღვრევა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com