ავტორიზაცია
პოლიმერული ნარჩენებისაგან ახალი სორბენტის მიღება და მიღებული სორბენტით ჩამდინარე წყლებიდან ამონიუმის იონის სორბციის შესწავლა
ავტორი: ელიზბარი სურამელაშვილისაკვანძო სიტყვები: ნარჩენები, დაბინძურება, რეციკლირება, ნახშირი, სორბცია, პოლიმერები
ანოტაცია:
დღეისათვის, საქართველოში მყარი ნარჩენების (მსნ) მართვის გაუმჯობესება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რაც ითვალისწინებს საქართველოში ნარჩენების მართვის განვითარების პროცესის ჰარმონიზებას ევროპის ნარჩენების მართვის პოლიტიკასთან. ამჟამად, ჩვენი ქვეყნის მაშტაბით წარმოქმნილი მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ძირითადი ნაწილი თავსდება ნაგავსაყრელებზე (90%). ნარჩენების უტილიზაცია ნაგავსაყრელებზე განთავსებით იწვევს გარემოს ობიექტების (ნიადაგი, წყალი, ჰაერი) მნიშვნელოვან დაბინძურებას, რაც თავის მხრივ ნეგატიურად მოქმედებს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ნარჩენების რეციკლირება, ანუ ნარჩენების ტექნოლოგიური გადამუშავება სხვა პროდუქტად, ნარჩენების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების მთავარი კომპონენტია. ქვეყნის მასშტაბით წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა ტიპის ნარჩენების უმეტესობა ექვემდებარება გადამუშავებას. ჩვენი კვლევა მოიცავს რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში შემუშავებული მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების რაოდენობის რაციონალური და ეკოლოგიურად სასარგებლო მინიმიზაციის მეთოდის გამოყენებას. კერძოდ, რთულად დეგრადირებადი მყარი საყოფაცხობრებო ნარჩენების ფრაქციას - პოლიმერების დაბალტემპერატურული ანაერობული თერმოდამუშავებით ნახშირის მიღება ჩამდინარე წყლებიდან ამონიუმის იონის სორბციის ხარისხის შესწავლის მიზნით. ზოგადად, საქართველოს ზედაპირული წყლების ხარისხი დამაკმაყოფილებელია, ძირითადად, პრობლემას წყალში აზოტის ფორმების, მათ შორის ამონიუმის აზოტის მომატებული შემცველობა წარმოადგენს. მდინარეების უდიდეს ნაწილში ამონიუმის აზოტის კონცენტრაცია აჭარბებს მაქსიმალურად დასაშვებ დონეებს, რომლის გამომწვევ მიზეზად სახელდება მუნიციპალური, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო ჩამდინარე წყლები. ჩვენი კვლევის მიზანია პოლიმერული ნარჩენების თერმოქიმიური გადამუშავებით ნახშირბადოვანი სორბენტის მიღება და ჩამდინარე წყლებიდან ამონიუმის იონის სორბციის უნარის შესწავლა.