ავტორიზაცია
გარემოდან გამოყოფილი S. aureus-ის მიმართ აქტიური ბაქტერიოფაგების დახასიათება და ანტიბიოტიკორეზისტენტული იზოლატების მიმართ მათი ეფექტურობის შესწავლა
ავტორი: დავით ლაზვიაშვილისაკვანძო სიტყვები: S. aureus; ოქროსფერი სტაფილოკოკი, ანტიბიოტიკორეზისტენტობა, ანტიბიოტიკომგრძნობელობა, ბაქტერიოფაგი
ანოტაცია:
ბოლო წლების განმავლობაში S. aureus-ის ანტიბიოტიკორეზისტენტული ფორმების მიერ გამოწვეული დავადებების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლას მსოფლიოს მასშტაბით ანტიბიოტიკორეზისტენტული შტამების გაჩენა და გავრცელება ართულებს. კვლევები გვიჩვენებს, რომ 2019 წელს ბაქტერიების ანტიბიოტიკორეზისტენტობის გამო მსოფლიოს მასშტაბით 4,95 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, რაც ამ პრობლემას სიკვდილის მე-3 ყველაზე გავრცელებულ მიზეზად აქცევს. აღნიშნული მონაცემების მიხედვით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის გამო, ყოველწლიურად 10 მილიონამდე ადამიანი დაიღუპება. ყოველივე ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე ახალი ალტერნატიული სამკურნალო საშუალებების ძებნა აქტუალური და აუცილებელია. მიკრობული ინფექციების წინააღმდეგ ყველაზე უვნებელ, ოპტიმალურ და ეფექტურ ალტერნატიულ გზად ბაქტერიის ვირუსები ანუ ბაქტერიოფაგები მოიაზრებიან. ანტიბიოტიკოთერაპიასთან შედარებით, ფაგოთერაპიას მრავალი უპირატესობა გააჩნია, ეფექტურია ანტიბიოტიკორეზისტენტული ბაქტერიული შტამების მიმართ და არ აზიანებს ორგანიზმის ნორმალურ მიკროფლორას. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა S. aureus-ის მიმართ აქტიური ბაქტერიოფაგების დახასიათება და ანტიბიოტიკორეზისტენტული იზოლატების მიმართ მათი ეფექტურობის შესწავლა. ამ მიზნის მისაღწევად შესრულდა შემდეგი ამოცანები 1) მოხდა გ. ელიავას სახელობის ინსტიტუტის კვლევისა და განვითარების განყოფილების ბაზაზე არსებული S. aureus შტამების იდენტიფიკაცია და მათი ანტიბიოტიკომგრძნობელობის სპექტრის დადგენა; 2) განისაზღვრა ანტიბიოტიკორეზისტენტული შტამების ფაგომგრძნობელობის სპექტრი გარემოდან გამოყოფილი ბაქტერიოფაგების მიმართ; 3) დავახასიათე საუკეთესო მონაცემების ფაგი. 49 ბაქტერიული შტამიდან გენტამიცინის მიმართ რეზისტენტული იყო 4 (8.1%), ერითრომოცინის მიმართ 15 (30.6%), ამპიცილინის 38 (77.5%), ლინკომიცინის 4 (8.1%), კლინდამიცინის მიმართ 2 (4.08%), ლინეზოლიდის მიმართ არცერთი შტამი არ იყო რეზოსტენტული (0%), ცეფალექსინის მიმართ 4 (8.1%), ტობრამიცინის მიმართ 13 (26.5%), ოქსაცილინის მიმართ 4 (8.1%) ხოლო ტეტრაციკლინის მიმართ რეზისტენტული იყო 7 შტამი (14.2%). გამოვლინდა S. aureus-ის შტამებზე მქომედების ყველაზე ფართო სპექტრის მქონე ფაგი, რომლის მიმართაც მგრძნობელობა გამოავლინა 49-დან 12 ბაქტერიულმა იზოლატმა, რომელთაგან მხოლოდ 1 არ იყო არცერთი გამოყენებული ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტული. შესწავლილ იქნა შერჩეული ფაგის ბიოლოგიური მახასიათებლები.
მიმაგრებული ფაილები:
გარემოდან გამოყოფილი S. aureus-ის მიმართ აქტიური ბაქტერიოფაგების დახასიათება და ანტიბიოტიკორეზისტენტული იზოლატების მიმართ მათი ეფექტურობის შესწავლა [ka]