ka | en
TSU

ფერმენტ კატალაზას აქტივობის შესწავლა ვირთაგვას თავის ტვინსა და ღვიძლში ქემილუმინესცენციის მეთოდის გამოყენებით

ავტორი: ნათია დათუნაშვილი
საკვანძო სიტყვები: კატალაზა, ქემილუმინესცენცია, ფლავონოიდები, ანტიოქსიდანტები
ანოტაცია:

თანამედროვე მედიცინაში არსებობს ძლიერი მეცნიერული საფუძველი იმის შესახებ, რომ ოქსიდაციური სტრესი ადამიანებში მრავალი ქრონიკული დაავადების გამომწვევ ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. ამ დაავადებებს შორისაა სიმსივნე, დიაბეტი და გულ–სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები. ოქსიდაციური სტრესი ვითარდება ორგანიზმში ჭარბად წარმოქმნილ თავისუფალ რადიკალებსა და ანტიოქსიდანტებს შორის არსებული დისბალანსის დროს. თავისუფალი რადიკალები, უჯრედებში ნორმალური მეტაბოლიზმის დროს წარმოიქმნებიან, მაგრამ მათი ჭარბი რაოდენობით წარმოქმნისას, ისინი რეაქციაში შედიან ისეთ ბიომოლეკულებთან, როგორიცაა ნუკლეინის მჟავები, ცილები და ლიპიდები, და აზიანებენ მათ. უჯრედებში ფუნქციონირებენ ძლიერი ანტიოქსიდანტური სისტემები, რომლებიც ანეიტრალებენ თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელ მოქმედებას. ანტიოქსიდანტური მოქმედება ახასიათებს ფერმენტებს, ვიტამინებს, ფენოლურ ნაერთებს და ა.შ. ანტიოქსიდანტურ ფერმენტებს შორის ორგანიზმში ოქსიდაციური სტრესის თავიდან ასარიდებლად უმნიშვნელოვანეს როლს ერთ–ერთი ფერმენტი კატალაზა თამაშობს. არაფერმენტულ ანტიოქსიდანტებს შორის საყურადღებოა მცენარეებში წარმოქმნილი მეორადი მეტაბოლიტები, ფლავონოიდები. ისინი ორგანიზმში მოხვედრისას მოქმედებენ როგორც თავისუფალი რადიკალების შემბოჭავები და გამანეიტრალებლები. აღსანიშნავია, რომ ნორმის ფარგლებში არის თუ არა რაიმე ურთიერთდამოკიდებულება ფერმენტულ და არაფერმენტულ ანტიოქსიდანტურ სისტემებს შორის დღემდე არ არის სრულყოფილად შესწავლილი. შესაბამისად ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა შეგვესწავლა ვირთაგვის ღვიძლსა და თავის ტვინში ფერმენტი კატალაზას აქტივობა ორგანიზმზე ფლავონოიდების ჭარბი ზემოქმედების შედეგად. ზემოთ ხსენებული მიზნის მისაღწევად დავისახეთ შემდეგი ამოცანები: შევარჩიეთ ვირთაგვების 3 საკვლევი ჯგუფი, რომლებზეც ინექციის საშუალებით არაერთჯერადად ვმოქმედებდით სხვადასხვა ფლავონოიდებით. მოვახდინეთ შერჩეული ჯგუფებიდან საკვლევი მასალის აღება (კერძოდ თავის ტვინი და ღვიძლი). შემდეგ ეტაპზე კი, საკვლევი ქსოვილებიდან მივიღეთ შესაბამისი ჰომოგენატი და სამუშაო ფრაქციები. საკვლევ ფრაქციებში განვსაზღვრეთ ფერმენტ კატალაზას აქტივობა და შევისწავლეთ ანტიოქსიდანტური სტატუსი. მოვახდინეთ მიღებული მონაცემების სტატისტიკური დამუშავება და ანალიზი.


მიმაგრებული ფაილები:

ფერმენტ კატალაზას აქტივობის შესწავლა ვირთაგვას თავის ტვინსა და ღვიძლში ქემილუმინესცენციის მეთოდის გამოყენებით [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com