ავტორიზაცია
ლოქის კრისტალური მასივის გრანიტოიდების პეტროლოგია და გეოქიმია
ავტორი: რეზო ვეკუასაკვანძო სიტყვები: ლოქი, გრანიტოიდები
ანოტაცია:
ლოქის კრისტალური მასივი საქართველოს ტერიტორიაზე შიშვლდება დაახლოებით 400 კმ2 ფართობზე. მასივი წარმოადგენს სომხით-ყარაბაღის ტექტონიკური ზონის ალპურამდელი სუბსტრატის შვერილს და მიეკუთვნება ბეიბურთ-სევანის ტერეინს. აღნიშნულ მასივზე მეტამორფული კომპლექსის ოთხი ალოქთონური ფირფიტაა კარტირებული, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება, როგორც შედგენილობით, ასევე მეტამორფიზმის ხარისხით. დადგენილია მასივის მეტამორფიტების ალოქთონური ბუნება. ჩვენს ინტერეს წარმოადგენს ლოქის მასივის ალპურამდელი გრანიტოიდები, რომლებიც წარმოდგენილია: ზედადევონური გნეისებრივი კვარციანი დიორიტებით, გვიანვარისკული გრანიტოიდებით და ოფიოლიტურ ალოქთონურ ფირფიტასთან სივრცობრივად დაკავშირებული ლეიკოკრატული გრანიტოიდებით. ზემოთ ხსენებული მაგმური ქანები დიდი ხანია მრავალი მკვლევარის შესწავლის საგანს წარმოადგენს. მაგრამ მიუხედავად ამისა მთელი რიგი პეტრომინერალოგიური საკითხი დასაზუსტებელია, ხოლო მათი გეოქიმიური შესწავლა თანამედროვე მეთოდების გამოყენებას მოითხოვს. კერძოდ უნდა მოხდეს ქანებში იშვიათი და იშვიათიმიწა ელემენტების შემცველობის განსაზღვრა და მათი განაწილების კანონზომიერების დადგენა. წარმოდგენილი პროექტის მიზანია ლოქის კრისტალური მასივის გრანიტოიდების პეტროლოგიური შესწავლა. კერძოდ, კვლევა ითვალისწინებს უახლესი აპარატურისა და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, პეტრომინერალოგიური და გეოქიმიური საკითხების დეტალურ გაშუქებას. შესასწავლი გრანიტოიდებისთვის შესრულდება იშვიათი და იშვიათმიწა ელემენტების დეტალური გეოქიმიური კვლევა. მიღებული შედეგები თავისი დატვირთვით გარკვეულ წვლილს შეიტანას საქართველოს მაგმატიტების პეტროქიმიურ შესწავლაში.