ka | en
TSU

ეპიტალონის გავლენა გენომური მაჩვენებლების ცვალებადობაზე ტუბერკულოზის დროს

ავტორი: ქეთევან გოგიძე
საკვანძო სიტყვები: ეპიტალონი, გენომი, ტუბერკულოზი
ანოტაცია:

ფილტვის ტუბერკულოზთან (ფტ) დაკავშირებული კვლევების აქტუალობა განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით: ფტ-თი ავადობის მაღალი სიხშირით, მისი გავრცელების გლობალური ხასიათით, მასთან დაკავშირებული ლეტალობის მაღალი მაჩვენებლით. ფტ მემკვიდრული წინასწარგანწყობის დაავადებებს მიეკუთვნება, მის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის ორგანიზმის იმუნურ სტატუსს. გამოყოფილია ფტ-სთან ასოცირებული რიგი გენებისა, რომელთა თითქმის 90% ორგანიზმის იმუნური სისტემის მაკონტროლებელი გენებია, მემკვიდრული წინასწარგანწყობის დაავადებებისათვის ზოგადად დამახასიათებელი გენომური არასტაბილურობის გაზრდილი დონის გამო მიზანშეწონილი ხდება გენომური და ეპიგენეზური პარამეტრების შედარებითი შესწავლა ფტ-ს სენსიტიური და რეზისტენტული ფორმების დროს, რომლებიც მკურნალობის განსხვავებულ სტრატეგიას საჭიროებენ. კვლევები ამ მიმართულებით პერსპექტიულია იმ თვალსაზრისითაც, რომ გენომური სტატუსის ნორმალიზაცია მკურნალობის ეფექტურობის ვერიფიკაციის დამატებით შესაძლებლობას იძლევა. რადგან რიგი მემკვიდრული წინასწარგანწყობის დაავადებებისას ნაჩვენებია შეცვლილი გენომური პარამეტრების კორექციის შესაძლებლობა რეგულატორული ბუნების ოლიგოპეპტიდების ზემოქმედებით, პერსპექტიული ხდება, აგრეთვე, მათი მაკორეგირებელი გავლენის შესწავლა ფილტვის ტუბერკულოზით ავადობის შემთხვევაშიც.. წარმოდგენლ ნაშრომში კვლევის მასალად გამოყენებული იყო ტუბერკულოზით პირველადად დაავადებულთა სენსიტიური (20 ინდივიდი), მულტირეზისტენტული (20 ინდივიდი) პერიფერიული სისხლის ლიმფოციტარული კულტურების უჯრედები, საკონტროლოდ გამოიყენებოდა კლინიკურად ჯანმრთელი საშუალო ასაკის 10 ინდივიდის ლიმფოციტარული კულტურები. (რადგან) T-ლიმფოციტები ორგანიზმული იმუნიტეტის მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს, ამდენად, პერიფერიული სისხლის ლიმფოციტარული კულტურების უჯრედები, ფტ-თან მიმართებაში სავსებით ადექვატური ექსპერიმენტული მოდელია. გენომური და ეპიგენეზური პარამეტრების სახით შეისწავლებოდა ქრომოსომათა სტრუქტურულ-რაოდენობრივი დარღვევები, ფრაგილური საიტებისა და აკროცენტრულ ქრომოსომათა ასოციაციური მაჩვენებლები. შეცვლილი გენომური პარამეტრების კორექციის მიზნით გამოიყენებოდა ეპიტალონი, ოლიგოპეპტიდი დადასტურებული ბიორეგულატორული აქტივობით . ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ფტ-ს ორივე შესწავლილი ფორმისათვის დამახასიათებელია ჯანმრთელი ინდივიდების მაჩვენებელთან შედარებით ქრომოსომათა სტრუქტურული დარღვევების მაღალი დონე, რაც მათი გენომის არასტაბილურობაზე მიუთითებს. გაზრდილი იყო ფრაგილური საიტების სიხშირეც, რაც გენომის მეტასტაბილური მდგომარეობის მაჩვენებელია. ფრაგილური საიტების ტესტის გამოყენებამ გამოავლინა, აგრეთვე, ფტ-ს შესწავლილ ფორმებში ეპიგენეტიკური ცვალებადობის ხასიათი, კერძოდ, ცენტრომეროსთან მიმდებარე ჰეტეროქრომატინის სპეციფიკური დეკონდენსაცია. ორივე ფორმის დროს მნიშვნელოვნად იყო დაქვეითებული აკროცენტრულ ქრომოსომათა ასოციაციური აქტიურობის მაჩვენებელი,, რაც, ერთი მხრივ, უჯრედებში მიმდინარე სინთეზური პროცესების დონის დაქვეითებაზე მიუთითებს, მეორე მხრივ კი, ქრომატინის სპეციფიკური ეპიგენეზური ცვლილების - ჰეტეროქრომატინიზაციის მაჩვენებელია. რაც შეეხება ბიორეგულატორ ეპიტალონს, მისი მოქმედება ფტ-თი დაავადებულთა ორივე ფორმის დროს ახდენდა ყველა შეცვლილი პარამეტრის ნორმალიზაციას, რაც იძლევა შესაძლებლობას ფტ-ს მკურნალობის სქემაში მისი ჩართულობის რეკომენდირებისა. .



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com