ავტორიზაცია
SARS CoV 2-ის საწინააღმდეგო ზოგადი და ანტი Spike 1&2IgG ანტისხეულების ტიტრი სხვადასხვა საკვლევ ჯგუფებში
ავტორი: ანა მახათაძეანოტაცია:
ახალი კორონავირუსით (SARS CoV 2) გამოწვეულმა პანდემიამ მსოფლიო უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა. კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია კაცობრიობის უმნიშვნელოვანეს პრობლემად იქცა. აქედან გამომდინარე ინფექციის პრევენციის სხვადასხვა გზების მოძიება გარდაუვალი, აქტუალური და აუცილებელი გახდა. SARS CoV 2-ით გამოწვეული ინფექციის და მის მიერ გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობის პრევენციის ყველაზე ოპტიმალურ საშუალებად ვაქცინაცია ითვლება. ორგანიზმის იმუნური სისტემის მიერ ანტისხეულები წარმოიქმნება პათოგენის (მაგალითად: ვირუსი, ბაქტერია) ანტიგენების საპასუხოდ, ინფიცირების ან ვაქცინაციის შედეგად. ამ ეტაპისთვის საქართველოში ხელმისაწვდომია შემდეგი ტიპის ვაქცინები: პფაიზერ ბიონტექის (Pfizer-BioNTech), სინოფარმი(Sinopharm) და სინოვაკი (CoronaVac -Vero Cell), ასტრაზენეკა (Astrazeneca). ვაქცინების უმეტესობა წარმოქმნის ანტისხეულებს მხოლოდ სპაიკ ცილის მიმართ. სპაიკ ცილა არის ძირითადი მოლეკულა, რომელიც SARS-CoV-2 ვირუსის ზედაპირზეა განლაგებული და სწორედ მისი დახმარებით ვირუსს შეუძლია მასპინძელ უჯრედებში შეღწევა და მთელ ორგანიზმში გავრცელება. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა SARS CoV 2-ის მიმართ ჰუმორული იმუნური მეხსიერების ზოგადი და სპეციფიური მაჩვენებლის განსაზღვრა მოხალისე პირების სისხლის ნიმუშში და ამ მიზნის მისაღწევად ჩვენს მიერ COVID-19-ის ზოგადი და Spike 1&2 სპეციფიურ IgG-ზე გამოკველეული იქნა 170 მოხალისე პირის პერიფერიული სისხლის ნიმუში. მოხალისეები დავყავით შემდეგ ჯგუფებად: არავაქცინირებული კოვიდინფიცირებულები, ვაქიცნირებულთან ერთად კოვიდინფექციაგადატანილი პირები, მხოლოდ ვაქცინირებულები, ერთდროულად არავაქცინირებული და არაინფექციაგადატანილი პირები. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ: 1. საქართველოში ხელმისაწვდომი SARS CoV 2 ის საწინააღმდეგო სამივე ტიპის ვაქცინა შექმნილი: მ-რნმ-ის, ვექტორულ და ინაქტივირებული ვირუსის ბაზებზე ეფექტურად იწვევს ჰუმორულ იმუნურ მეხსიერებას, რომელიც მინიმუმ 6 თვე ნარჩუნდება და ვაქცინირებულ პირებში მოცირკულირე ზოგადი და სპაიკ ცილის IgG- მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე მხოლოდ ინფექციაგადატანილ პირებში; 2. ფარისებრი და/ან კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციების დარღვევების მქონე პირებში იკვეთებოდა როგორც ზოგადი, ასევე ვირუსსპეციფიური ცილების ნაკლები ტიტირი, რაც შესაძლებლობას გავძლევს, ვივარაუდოთ, რომ ამ სისტემების დისფუქცია აქვეითებს ჰუმორული იმუნური მეხსიერების ჩამოყალიბებას; 3. SARS CoV 2 ვირუსის სპაიკ ცილა, რომლის მიმართაც იყო შექმნილი მ-რნმ და ვექტორული ვაქცინები, ნამდვილად წარმოადგენს ამ კორონავირუსების ამ კონკრეტული შტამისათვის განსხვავებულ ანტიგენს, რომლის მიმართაც პოპულაციაში ჯვარედინად მორეაგირე იმუნური მაჩვენებელი ძალზე დაბალია და სპაიკ ცილის მიმართ მიმართულ ვაქცინებს ქონდათ დადებითი ეფექტი იმუნური პასუხის სტიმულაციაზე.